Blog

Latest News

საქართველოს ინდუსტრია

ტურიზმის ბიზნესი და სასტუმრო ინდუსტრია

ტურიზმი – ადამიანის ნებაყოფლობითი, თავისუფალი, დროებითი გადაადგილება საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების და სხვა მიზნით. ხოლო ტურისტი – პირი, რომელიც გადაადგილდება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების და სხვა მიზნით.

ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით ტურიზმისა და კურორტების შესახებ.

21-ე საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიო კულტურასა და ეკონომიკაში ტურიზმი მდგრადი განვითარების დარგად ჩამოყალიბდა, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა გლობალურ ეკონომიკურ სტრუქტურაში. იმისათვის, რომ ტურიზმმა ეკონომიკური მოგება მოუტანოს ქალაქს, მისი განვითარება უნდა ატარებდეს მდგრად ხასიათს და ამავე დროს თავისი ბუნებით უნდა იყოს დამზოგავი. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განსახლების სისტემის, დასახლებათა ტრადიციულ არქიტექტურას და ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.

ტურიზმის განვითარების დაგეგმვის თვალთახედვით პოტენციური შესაძლებლობების შეფასების დროს (რაც აუცილებელი იქნება სტრატეგიის დამუშავებისას) აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას – რა საჭირო კომპონენტები უნდა არსებობდეს ტურიზმის განვითარებისათვის? ეს კომპონენტებია:

ღირშესანიშნაობები და თავისუფალი დროის გატარების ფორმები – სანახავი ადგილები და ის, რითაც შეიძლება ტურისტი გაერთოს ადგილზე ყოფნის დროს;

მიღებისა და მომსახურების ინფრასტრუქტურა – დაბინავებისა და კვების ადგილები;

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება – საბაზო ადგილამდე ჩასვლისა და შიდა ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება;

ადგილობრივი საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა – წყალმომარაგება, ელექტროგაყვანილობა, კომუნიკაცია, კანალიზაცია და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა;

მოგზაურობების ორგანიზება – ტუროპერატორები, ტურაგენტები და გიდები;

ტურისტული პროდუქციის ბაზარზე გატანა და ტურისტული ინფორმაციის სამსახურის არსებობა – ინფორმაცია ტურისტებისათვის იმაზე, თუ რა შეუძლიათ ნახონ და აკეთონ მათ ადგილზე ყოფნის დროს.

 

 

საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვნებიდან დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს განსაზღვრავს: 1. შავი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლის სიგრძე 318 კმ.-ია. იგი წარმოადგენს მასობრივი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს. 2. დიდი და მცირე კავკასიონის მთაგრეხილები. დიდი კავკასიონი გადაჭიმულია შავიდან კასპიის ზღვამდე და სიგრძით 1500კმ-ს აღწევს. საქართველოს მთები უაღრესად ხელსაყრელია სამთო-სათხილამურო ტურიზმისა და ალპინიზმის განვითარებისათვის. 3. კურორტები: ქვეყანაში 102 კურორტი და კარგი საკურორტო პერსპექტივების მქონე 182 საკურორტო ადგილია.

საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ტურისტული ქვეყანა, სადაც ტურიზმს 3500 წლის ისტორია აქვს. საქართველო აღიარებულია ღვინის სამშობლოდ. ქვეყნის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია ვაზის დასამუშავებელი იარაღი, რომელიც დამზადებულია ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში. მსოფლიოში ასეთი სიძველის ნივთი არსად არ არის აღმოჩენილი. 2 ათასი ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

ტურიზმი ქვეყნის დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის დროს, აუცილებელი იქნება გაანალიზდეს შემდეგი საკითხებიც:

არსებობს თუ არა თბილისში ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო რესურსები;

არსებობს თუ არა შესაბამისი ტურისტული ბაზარი, რომელზეც შეიძლება გასვლა;

ეკონომიკური განვითარების მიზნების მისაღწევად ესაჭიროება თუ არა თბილისს ტურიზმის განვითარება;

არის თუ არა საჭირო შრომითი რესურსები ტურიზმის განვითარებისათვის, დამატებითი შრომითი რესურსების შემოყვანის გარეშე;

გამართლებულია თუ არა დანახარჯები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის;

შესაძლებელია თუ არა კონკურენტების გამოჩენა არსებული ან შესაძლო ტურისტული პროექტებიდან მეზობელ რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საკონსულოს მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმის ადგილი მსოფლიო ეკონომიკაში შემდეგნაირად გამოიყურება: -ტურიზმზე მოდის მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 10%; კერძო მომსახურების 10,9%; მსოფლიო ინვესტიციების 11,8%; ტურისტების მიერ უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას იხარჯება 600 მილიარდზე მეტი აშშ დოლარი;

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები, ქვეყნის ბუნების მრავალფეროვნება, ისტორიული და კულტურული ძეგლები მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ტურიზმის განვითარებისათვის. რისი გამოხატულებაცაა ის, რომ 1988 წლის მონაცემებით ქვეყანაში ჩამოდიოდა 4 მლნ-ზე მეტი ტურისტი და დამსვენებელი. ცნობილი მოვლენების გამო საქართველოში 1990 წლიდან დაიწყო ტურისტული ინდუსტრიის ვარდნის პროცესი. 1994-97 წლებში, როგორც მეურნეობის სხვა დარგებში, ისე ტურიზმისა და კურორტების სექტორში განხორციელდა პრივატიზაციის პროცესი. ამ პერიოდში ინვესტიციების ოდენობა შედარებით მცირე მოცულობით ხასიათდებოდა და მოხმარდა სახელმწიფოსაგან ტურისტული და საკურორტო ობიექტების გამოსყიდვას. პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის პირობებში 1998 წლიდან იწყება ტურისტული ინდუსტრიის შესამჩნევად მზარდი ტემპებით ფუნქციონირება. პირველი სტატისტიკური მონაცემები ჩნდება 1995 წელს, როცა დაფიქსირდა წლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული 85 000 ვიზიტორი.

მსოფლიო ბაზარზე საქართველო შედარებით ახალი ობიექტია და ჯერჯერობით არ არის სათანადოდ დამკვიდრებული. ბაზრის პარამეტრები (მოთხოვნის ზრდა, მოთხოვნის ტიპები, ობიექტები არ არის ჯერ სტაბილური და ზუსტად გათვლილი),

ამის გამო ბიზნესის პროგნოზი აშკარა რისკთან არის დაკავშირებული. ყოველივე ეს ხელს უწყობს ეკონომიკის აღნიშნულ სეგმენტში არარეგისტრირებული ფულადი საშულებების განთავსების სტიმულირებას.

ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებისათვის დაფინანსების მოპოვება რთულია, დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრების დიდი მოცულობის გამო. ქართული ბანკების მიერ დაწესებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, და კრედიტის დაფარვის მოკლე პერიოდი საინვესტიციო საქმიანობას ზღუდავს მხოლოდ სწრაფადმომგებიანი და მცირე მასშტაბის პროექტების დაფინანსებით. ზემოთ აღნიშნული ზრდის დარგში არარეგისტრირებული ფულადი რესურსების განთავსების მცდელობებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დეკლარირებულია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების ერთნაირი უფლებები, არის შემთხვევბი, როდესაც ეს უკანასკნელნი სამართლებრივი დავის წარმოშობისას დაუცველად გრძნობენ თავს.

ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის სექტორში კორუფციული გარიგებებისა და არარეგისტრირებული ფულადი საშუალებების მოძრაობის მასტიმულირებელი ფაქტორების განხილვისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესის წარმართვასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენაც. საქართველოში ტურიზმის სფეროში და სასტუმრო ინდუსტრიაში მოქმედი კერძო ორგანიზაციების უმრავლესობა ჩართულია ბიზნესში, ხოლო ნაწილი კი ტურების ოპერირებასა და ტურისტული მომსახურების

სხვადასხვა სფეროში (მაგ. ავიაბილეთების სერვისი, მოგზაურობის ორგანიზება, საექსკურსიო საქმიანობა და სხვა) მცირე გამონაკლისის გარდა, ამ სექტორში მცირე ზომის კომპანიები მუშაობენ, რის გამოც ისინი ხშირად მეტად დაუცველნი არიან ბიზნესის რთულ გარემოში. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბიზნესის ოპერირებასთან დაკავშირებულ სირთულეებს.

შიდა თუ საერთაშორისო ბაზრების კვლევა, უცხოეთში ტურისტული პროდუქტის რეკლამირება მცირე ზომის კომპანიებისათვის მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ტურიზმის სახელმწიფო უწყების მუდმივი დაუფინანსებლობის გამო, არ ხდება ამ პრობლემის ეროვნულ დონეზე გადაწყვეტა, ხოლო კერძო სექტორს არ შესწევს ძალა დამოუკიდებლად გადაჭრას ეს ამოცანა.

მესამე პირების, ანუ კერძო სასერთიფიკაციო ორგანოების მიერ შესაბამისობის სერთიფიკატების გაცემის პროცედურა არაგამჭვირვალეა და არსებული პარქტიკა ვერ უზრუნველყოფს მომხმარებელთა უფლებების დაცვას. კერძოდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სერთიფიცირების ორგანოები გარკვეული საფასურის ხარჯზე ტენდენციურად ანიჭებენ სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებს მომსახურების მაღალ სტანდარტებს, მაგალითად ნუცუბიძის ფერდობზე სასტუმრო „ვილა ბერიკა“ თურმე ხუთ ვარსკვლავიან სტანდარტს შეესაბამება.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებული კურორტებისათვის, სადაც დატვირთვა მხოლოდ ზაფხულის თვეებზე მოდის. იგი აქტუალურია მაღალმთიანი კურორტებისა და სამთო-სათხილამურო ცენტრებისათვის, მაგრამ შედარებით ნაკლებად, რადგან მაგალითად, ბორჯომისა და ბაკურიანისათვის სეზონი უფრო ხანგრძლივია და ორივე პერიოდს, ზაფხულსა და ზამთარსაც მოიცავს. ასეთი პრობლემების გადალახვა შედარებით ადვილია მცირე ზომის სასტუმრო სახლებისათვის, სატუმროებისა და საკურორტო ობიექტებისათვის კი იგი უფრო მტკივნეული და ძვირადღირებული პროცესია.

ტურისტული სააგენტოები იხდიან დაახლოებით 5 სახის სახელმწიფო გადასახადს. ესენია: მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი, დღგ უცხოური ტურისტების შემოყვანის შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადი, კურორტების გამოყენებაზე გადასახადი, ერთჯერადი მოსაკრების სახით ყიდულობს ლიცენზიას.

ტურიზმის სექტორსა და სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში მომუშავე სამეწარმეო სუბიექტები გარდა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებისა გვევლინებიან ასევე რიგი ადგილობრივი გადასახადის .გადამხდელებად. მათ შორისაა საკურორტო და სასტუმრო გადასახადები. საკურორტო გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური პირები საკურორტო ადგილებში დასვენებისა და მომსახურების მიღებისათვის.

ტურიზმი, შეიძლება ითქვას, ეკონომიკის საკმაოდ ,,დელიკატური” დარგია, რადგან, იგი უმნიშვნელო ფაქტორზეც კი სწრაფად რეაგირებს, რაც თავს იჩენს ტურისტული ნაკადების შემცირებაში. საქართველო ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არასახარბიელო მდგომარეობაშია. კავკასიასა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სიტუაცია კვლავ რჩება რეგიონში ტურიზმის განვითარების შემაფერხებელ მთავარ ფაქტორად.

საქართველოში არანაკლებ დამაფიქრებელია თვით დარგის მართვასა და დაგეგმვაში არსებული დიდი ხარვეზები. მის აღმოსაფხვრელად გათვალისწინებული უნდა იქნას უცხოეთის გამოცდილება, რომელიც შეეხამება ადგილობრივ, სპეციფიკურ პირობებს დარგში არსებული პრობლემები.

ტურისტული სექტორის არსებული მდგომარეობის ანალიზი

ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარება, შეიძლება ითქვას, ორი მხარის პრეროგატივაა. პირველი, ესაა სახელმწიფო და მეორე მეწარმე. სწორედ ამ ორი მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარების მიღწევა. მათ შორის მეტი ვალდებულება აკისრია პირველ მხარეს, რათა უზრუნველყოს ქვეყანაში ნორმალური სამეწარმეო საქმიანობის გარემოს შექმნა.

როგორც აღვნიშნეთ, მეორე მხარე ესაა მეწარმე, რომელმაც სახელმწიფოს დახმარებით უნდა უზრუნველყოს საკუთარი ბიზნესი. ტურიზმში ამ თვალსაზრისითაც სამწუხაროდ ბევრი ხარვეზია, რაც ძირითადად თავს იჩენს სასტუმრო მეურნეობაში. სასტუმროს მეპატრონის ინდივიდუალური სურვილები, მსოფლიო სტანდარტების გაუთვალისწინებლობა, დამღუპველად მოქმედებს ამ დარგზე ჩვენს ქვეყანაში. ხარვეზების მთელი ჯაჭვია შექმნილი სასტუმროს დაპროექტებიდან დაწყებული კადრების არაპროფესიონალიზმით დამთავრებული.

ტურისტულ ბიზნესში არაკვალიფიციური კადრების არსებობაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება საქართველოში. შეიძლება ითქვას, ეს პრობლემა საბჭოური მმართველობისა და პრინციპების ბრალია. დღეს ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში გახსნილია ტურიზმის სასწავლო სპეციალობები, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა აქაც ბევრი პრობლემაა. დასახვეწია სწავლების პროცესი, საჭიროა ლიტერატურა, კონტაქტები საზღვარგარეთის ანალოგიურ სასწავლებლებთან, საჭიროა სტუდენტთა პრაქტიკული მუშაობა.

ტურიზმის განვითარებისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა პროფესიონალი გიდი. საქართველოში ამჟამად მხოლოდ 30-50 ადამიანი მოიძებნება, ვისაც შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტურების გაძღოლა პროფესიულ დონეზე. ეს დღევანდელი მდგომარეობისთვისაც კი მცირე რიცხვია. საჭიროა ჩამოყალიბდეს გიდების შერჩევისა და თრენინგების პროგრამა, რათა გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შესძლებენ მნიშვნელოვანი ტურების ორგანიზებას და გამყოლობას. თრეინინგების პროგრამას უნდა გაუძღვნენ სპეციალურად მომზადებული ტრენერები.

არსებობს საკვალიფიკაიო და ინსტრუქციული მოთხოვნები.

კომუნიკაბელურობა

ზრდილობა და თავაზიანობა

განათლება

უცხო ენის ცოდნა

ენერგიულობა

დისციპლინა და პუნქტუალურობა

ლიდერობის უნარ-ჩვევები

„რიზისის“ მენეჯმენტის უნარები

მოვალეობის შეგრძნება

საკუთარი როლის მნიშვნელობა

პასუხისმგებლობა

ქვეყნის კანონებისა და ტრადიციების პატივისცემა

რისი ცოდნა მოვთხოვოთ გიდებს

უმნიშვნელოვანესია გიდმა უნდა იცოდეს დისტანცია და გადაადგილების დრო საქართველოს ძირითად პუნქტებს შორის. გიდმა ასევე ზედმიწევნით უნდა იცოდეს საქართველოს (სასურველია კავკასიისაც) გეოგრაფია და გეოგრაფიული მხარეები: დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი

საქართველოს ყველა კუთხისა და პროვინციის, აგრეთვე რაიონული ცენტრების დასახელება.

ძირითადი პუნქტების სიმაღლეები ზღვის დონიდან.

მთათა სისტემები (კავკასიონი, თრიალეთის ქედი და ა.შ.), მდინარეების სახელწოდებები, ტბებისა და წყალსაცავების სახელწოდებები, მწვერვალების სახელწოდებები და სიმაღლეები;

საქართველოს კლიმატური ზონები (სუბ-ტროპიკი, მთის ჰავა, ნახევრად უდაბნო, დაბლობი, ალპური მდელო) და მცენარეული საფარი (შერეული ტყე, ნაძვნარი, ფიჭვნარი, ბუჩქოვანი ტყე და ა.შ.)

საეკლესიო და სამოქალაქო დღესასწაულები (შობა, აღდგომა, მარიამობა, გიორგობა და სხვ.); აგრეთვე, ხალხური დღეობები (ათენგენობა, ლომისობა, ლაშარობა, კვირიკობა და სხვ.).

საქართველოში მცხოვრები დიდი და მცირე ეთნიკური ჯგუფები, მათი დასახლებები და თავისებურებები.

ღამისთევისათვის რა საშუალებები და ადგილები არსებობს რეგიონებში: სასტუმროები, კერძო სახლები, „ემპინგები“ კარვის გასაშლელი ადგილები და სხვა.

კვების ობიექტები: რომელია საუკეთესო საკვები ობიექტი იმ რეგიონში, სადაც ტური მიმდინარეობს.

სასურველია თუ გიდს ეცოდინება თუ სად შეიძლება გაატარონ თავისუფალი დრო სტუმრებმა (ღამის ბარები, კლუბები, კაზინოები და სხვა).

სტუმართა ამოსვლის ზუსტი თარიღი და ჩამოსვლის საათი;

სტუმართა რაოდენობა; რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან; რა სპეციაფიკურობა ახასიათებთ (მაგ: რომელ საათზე ვახშმობენ, მიირთმევენ თუ არა ღორის ხორცს, მათი რელიგიური ან სამოქალაქო დღესასწაული ან დაბადების დღე ხომ არ არის მოგზაურობის დროს, ხიბლავთ თუ არა პანთეონებისა და აკლდამების დათვალიერება და ა.შ.) ოთახებში განლაგების სქემა: განცალკევებული საწოლები, ერთად მიდგმული საწოლები და სხვ. (დაზუსტებული ინფორმაცია ყოველთვის აქვთ ტურის კოორდინატორებს

დღეისათვის ტურიზმი საქართველოში განვითარების ახალ, ასე ვთქვათ საწყის ეტაპზე იმყოფება და მიმდინარე რეფორმების ფონზე ეს პროცესი საკმაოდ მძიმედ და ნელა მიმდინარეობს.

მსოფლიოში მიღებული სტანდარტებით ტურისტი ერთი კვირის განმავლობაში საშუალოდ 1000$ ხარჯავს (სასტუმროს გადასახადი, კვების, საკომუნიკაციო საშუალებების მომსახურება, კაზინო, ღამის კლუბი, სუვენირები, საჩუქრები და სხვა). ეს ის ათასი დოლარია, რომელიც ქვეყანაში რჩება. მაგრამ იბადება ლოგიკური კითხვა – ამ თანხის რა ნაწილი შედის ბიუჯეტში და რამდენად მიესადაგება ეს სტანდარტი საქართველოს. ბიუჯეტში ასეთი დანახარჯის 20-25% უნდა შედიოდეს.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ქვეყანაში ტურიზმის დაჩქარებული ტემპით განვითარების პროგრამის განხორციელების აუცილებელი პირობაა ტურისტული და საკურორტო ინსრასტრუქტურის მოდერნიზაცია და ახალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ პროექტის განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს, რისთვისაც აუცილებელია საკანონმდებლო პაკეტით უზრუნველყოფილი საინვესტიციო გარემოს შექმნა. მაგალითად: გარკვეული პერიოდით მოგების გადასახადისაგან განთავისუფლება იმ ორგანიზაციების, რომლებიც შეიქმნა უცხოური ინვენსტიციებით.

კონკურენტუნარიანობის აუცილებელი პირობაა კომპანიის იმიჯი, რომლის სწორად განსაზღვრას და ჩამოყალიბებას აქტიურად უნდა ემსახურებოდეს სავალდებულო ლიცენზირება, თუმცა ჩვენი კვლევის შედეგად დავადგინეთ, რომ დღეს მოქმედი ტურისტული კომპანიები, თვლიან, რომ არსებობს მაღალი კონკურენციის დონე და ცდილობენ გაუწიონ კონკურენციაერთმანეთს.

საქართველოში ტურისტული მომსახურების ორგანიზატორები არიან ტურისტული ფირმები. საქმიანობის მიხედვით ისინი შეიძლება იყვნენ სრული მომსახურების მქონე და სპეციალიზირებული ანუ შეზღუდული მომსახურების. ტურისტული ფირმების სრულ მომსახურებაში იგულისხმება: სავიზო მომსახურება, ბილეთების გაყიდვა/დაჯავშნა, ტვირთის გადაზიდვა, სასტუმროების დაჯავშნა, მოგზაურობის დაზღვევა, ტურისტული, ბიზნეს, საგანმანათლებლო, სათავგადასაალო, ავტო, შოფ და სხვა სახის ტურების მომზადება, რესტორნების დაჯავშნა და სხვა დამატებითი მომსახურების გაწევა.

საქართველოში არსებული ტურისტული ფირმების უმრავლესობა შეზღუდული მომსახურებით ხასიათდება, რაც გამომდინარეობს არსებული მოთხოვნიდან.

საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა ანუ 90-95% ბიზნეს ტურისტია, ამიტომ ტურისტულ ტურებზე და მის შესაბამის მომსახურებაზე მოთხოვნილება ნაკლებია და კმაყოფილდებიან მხოლოდ სავიზო მომსახურებით, ტრანსპორტირებით, სასტუმროში განთავსებით და ზოგჯერ კონგრეს მომსახურებით.

მიუხედავად ამისა არიან ტურისტული ფირმები, რომლებიც სთავაზობენ საქართველოს ტურისტული, რეკრეაციული და ისტორიულ-კულტურული რეგიონების მონახულებას და დასვენებას.

რაც შეეხება ტურისტულ ფირმებს, რომლებიც ტურისტების გაყვანაზე მუშაობენ ხასიათდებიან, აგრეთვე, შეზღუდული მომსახურებით, რადგან საქართველოდან გასული ტურისტების უმრავლესობა დიდი ხნით რჩება მიმღებ ქვეყანაში და აღარ საჭიროებს დამატებით ტურისტულ თუ ბიზნეს მომსახურებას. გამყვანი ფირმების ძირითად საქმიანობაში შედის: სავიზო მომსახურება, დაზღვევა, ტურისტს აზღვევს ტურისტული სააგენტო (ტურისტული საქმინობის სუბიექტი) სადაზღვევო კომპანიასთან დადებული კონტრაქტით და კანონმდებლობით დადგენილი წესით. ტურისტის სიცოცხლისა და ჯანმთელობის დაზღვევა ან დაზღვეული ქონებისათვის მიყენებული ზარალი ნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით.ტურიზმის დარგის უფლებამოსილი ორგანო, ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტების დაცვისა და უსაფრთხოების პროგრამას, რომელიც უნდა განახორციელონ ტურისტული საქმინობის სუბიექტებმა, და ხელმძღვანელობას უწევს მის შესულებას. იგივე ორგანო ხელს უწყობს სასწავლო პროგრამებისა და დაწესებულების შექმნას ტურისტული ინდუსტრიისათვის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ტრანსპორტირება, სასტუმროს დაჯავშნა, აგრეთვე ზოგჯერ ფირმები სთავაზობენ სასწავლო ტურებს, რომლებიც საქართველოში ძლიერ გავრცელებულია.

საქართველოს ტურისტული ფირმების უმრავლესობა მარკეტინგულ გამოკვლევებს არ ატარებს, მაგრამ იყენებს მარკეტინგული კომპლექსის ისეთ ელემენტს როგორიცაა სტიმულირება. სტიმულირების მეთოდებს შორის კი იყენებენ რეკლამას და გასაღების სტიმულირებას.

გამოკითხვის საშუალებით გამოვლინდა, რომ საქართველოს ტურისტული ფირმების უმრავლესობა მიმართავს ტელე რეკლამას,ასევე რეკლამა გაზეთში, ჟურნალში, დასპონსორება, ლიფლეტებს, ვებ-გვერდებს, გარე რეკლამას და სხვ.

ტურისტული ფირმების საქმიანობა მიმართული უნდა იყოს დადებითი იმიჯის ფორმირებისაკენ, რადგან ტურიზმის სფეროში იმიჯი გადამწყვეტია. ტურისტული ფირმების საქმიანობის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ტურისტული პროდუქტის/მომსახურების მოხმარების პროცესში, ამიტომ ტურისტები და მოგზაურები სააგენტოს მიმართავენ იმიჯიდან გამომდინარე. იმიჯის ფორმირებისათვის კი საჭიროა არა მხოლოდ ეფექტური სარეკლამო კამპანიის წარმოება, არამედ ფირმის მიერ გაწეული მომსახურების მაღალი ხარისხი და საიმედოობა.

მთელს მსოფლიოში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ის ინტეგრაციული პროცესები, რომლებიც მოიაზრებს სხვადასხვა სახელმწიფოს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირსა თუ თანამშრომლობას. ინტეგრაციის მთავარ პირობას წარმოადგენს განვითარების დონის ამაღლება ყველა სფეროში, მათ შორის ტურიზმშიც, რომელიც ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგადაა აღიარებული. ტურიზმი ხომ სწორედ ის სფეროა, სადაც ქვეყნებს შორის წარმატებული ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა უზრუნველყოფილი ცალკეული პირების, ტურისტების უსაფრთხოება.

ტურიზმზე მოქმედი უარყოფითი ფაქტები;

ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ექსტრემალური, არასასურველი პირობები პირდაპირ აისახება იმ სფეროში, რომელიც ადამიანების გაჯანსაღებას, დასვენებას, რეკრეაციას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ტურისტულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს მცირე გარანტია მაინც იმისა, რომ ამ სფეროს განვითარებას არ შეეშლება ხელი ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ხელისშემშლელი პირობებით, რომლებიც მრავალგვარია, არაპროგნოზირებადი და სახიფათო. ეს იქნება რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება, ტერაქტები, ტურისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის გაქურდვაგატაცება, რეგიონების დაბომბვა; აღსანიშნავია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები თუ ეკოლოგიური პრობლემები და სხვა.

ზემოხსენებული უარყოფითი ფაქტები მნიშვნელოვნად აფერხებს ტურისტების სტიმულირებას, მათ რაოდენობასა და გადაადგილებას, რაც უდიდესი ზარალია ქვეყნის ტურინდუსტრიისა და ამასთან ეკონომიკისთვისაც. ტურისტთა უსაფრთხოების დაცვა აღნიშნული სფეროს მომავალი განვითარების პირველი ფაქტორია.ღრმა სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგია საქართველოს სულ უფრო და უფრო კლებადი ტურისტული სივრცე. მისი აღდგენა და განვითარება ტურიზმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიზანია.

მსგავსი პოსტები

Leave a Reply

avatar
  გამოწერა  
შეატყობინეთ