უფლისციხე

უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა

ძეგლის აღწერა
გვიანდელი ბრინჯაოს ადრეულ საფეხურზე უნდა იყოს ათვისებული ქვიშაქვების მასივი. ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომლის ძირითადი ნაწილი უმთავრესად გამოკვეთილია ადრინდელი ანტიკური (ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები) ხანაში. გვხვდება შუა საუკუნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი. შედარებით უკეთაა დაცული შიდა ქალაქი (ფართობი 4 ჰა), რომელიც მთელი ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს. შიდა ქალაქი დასავლეთი და სამხრეთი მხრიდან ბუნებრივადაა დაცული. აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი მხრიდან კი იცავდა კლდეში გაჭრილი დიდი თხრილი, რომელსაც შიდა მხარეს ოთხკუთხაკოშკებიანი განიერი კედელი მიუყვებოდა (შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ფოსოები).

საფორტიფიკაციო კედლების ქვედა ნაწილი ნაგები ყოფილა კიდეებშემოთლილი (რუსტებიანი) ქვათლილებით, ხოლო ზედა — ალიზის აგურით. სამხრეთ მხარეს მდინარე მტკვარზე ეშვებოდა კლდეში გაჭრილი დიდი გვირაბი. იქვე, სამხრეთ უბანში, გაკეთებული იყო შიდა ქალაქის მთავარი შესასვლელები, მ.შ. მცირე კლდეკარი. შიდა ქალაქი დასერილია კლდეში ნაკვეთი ქუჩების ქსლით, მათგან ერთი მაგისტრალურია, ხოლო დანარჩენი — გვერდითი. გამოქვაბულები განლაგებულია ცალკე ჯგუფებად, ზოგი ერთმანეთთან დაკავშირებულია ფართო გასასვლელებით. ქალაქის ზემო ნაწილში განლაგებული დარბაზების კომპლექსიდან აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზი, რომლის ნახევარწრიული კამარა დამუშავებულია კლდეშივე ნაკვეთი რვაკუთხა კესონებით.

 

დაგეგმარება
დაგეგმარების მხრივ აღსანიშნავია დაახლოებით ერთი სქემით განლაგებული კომპლექსები: ეზო, წინიდან პორტალის მსგავსი ღია სადგომი, სიღრმეში კი სიგრძივი (თუ ერთი ან ორი ოთახია) ან სიგრძივი და განივი ღერძების მიხედვით (თუ ოთახთა რაოდენობა მეტია) დაჯგუფებული ოთახები. ეს კომპლექსები თავისი სტრუქტურებით ვანის სამეფოში გავრცელებულ გამოქვაბულებს ენათესავება. უფლისციხის გამოქვაბულთა ერთი ნაწილი შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ზოგი დარბაზის ბრტყელი გადახურვა კოჭებიანი ჭერის მსგავსად არის დამუშავებული და ქართული ხალხური არქიტექტურაში ცნობილ კონსტრუქციებს უნდა ასახავდეს. უფლისციხის ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმართულია აგურით ნაგები სამეკლესიიანი ბაზილიკა, რომელიც სტილისტიკური ნიშნებით IX-X საუკუნეებს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახით არის შემონახული. შუა ნავი გვერდით ნავებზე მაღალია. სამივე ნავი დასაველთით გაერთიანებულია ნართექსით, გადახურულია კრამიტით. მთავარი შესასვლელია სამხრეთიდან. ნართექსს დამოუკიდებელი კარი აქვს და მთავარ ნავს დასავლეთიდან უკავშირდება. სასიმაგრო თხრილის გარეთ გაშლილი ყოფილა გარე ქალაქი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. შიდა ქალაქის ჩრდილოეთით 700-800 მ-ზე დაცულია უფლისციხის დიდი კლდეკარი, რომელიც ძველ ამიერკავკასიის ძირითადი სავაჭრო მაგისტრალის ერთ-ერთ უდიდეს საგზაო ნაგებობას წარმოადგენდა (სიგრძე – 150 მ, სიმაღლე 10 მ, სიგანე – 2 მ).

უფლისციხის დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირის გაყოლებით, დაცულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის წარმართული სალოცავის ნანგრევები ყათლანიხევის ბიცვზე, ამავე დროის სამაროვანი სოფ. უფლისციხეში, ანტიკური ხანის რამდენიმე დაბა და სამაროვნები, შუა საუკუნის ნასოფლარები, სამაროვნები და სახიზნები, ხოლო შიდა ქალაქის აღმოსავლეთით — შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საწნახლები და გზის ნაწილი. უფლისციხესა და სასოფლო გარეუბნის მეურნეობაზე გარკვეულ წარმოდგენას ფვაძლევს არქეოლ. გათხრებით გამოვლენილი აგრარული კულტების სალოცავი, კლდეში ნაკვეთი საწნახლები, მარნები, ვაზის სასხლავი დანები, ბრინჯაოსა და კაჟის ნამგლები, რკინის სახნისი, კევრები, ყურძნის წიპწები და ა.შ. ხელოსნური ნაწარმის სიმრავლე, მრავალფეროვნება და მხატვრული სინატიფე უფლისციხეს ძველი დროის ხელოსნური წარმოების მნიშვნელოვან ცენტრად წარმოგვიდგენს.

მსგავსი პოსტები

Leave a Reply

avatar
  გამოწერა  
შეატყობინეთ